logo
ENG



"ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა" - მარტის აქციებზე გამოძიებას მუხლი დაემატა

28 აპრ 202312:53
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა/ვახო ქარელი

ორგანიზაცია მედიაომბუდსმენის ცნობით, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დაშლის საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და გამოძიება შსს-ის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასთან ერთად, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლითაც გაგრძელდება.

მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მარტის აქციების საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით 7 აპრილს მიმართა.

27 აპრილს კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წერილით დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და ახლა 154-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

"გამოძიება გრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით" - წერია სამსახურის წერილში.

2 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავა. დაკავებულთა შორის იყვნენ სტუდენტები, აქტივისტები.

პუბლიკას რედაქტორს ზურა ვარდიაშვილსა და ტაბულას ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი და პუბლიკას რედაქტორი სამართალდამრღვევებად ცნო და 2 200 - 2 200 ლარით დააჯარიმა.


close დახურვა